ალუბლობა
ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსი
თავფურცელი . ისტორია . სპონსორი . ორგანიზატორი . კონტაქტი


"ალუბლობა 2009"


ახალი ალუბლები

ახალი, მრავალფეროვანი, უცნაური, სასაცილო, ტრაგიკული, ირონიული, ფანტასტიკური, ფილოსოფიური - ზედსართავები არ გამომელევა, იმისათვის, რომ დავახასიათო ამ კრებულში დატეული მოთხრობები, მინიატურები, ვერლიბრები, თუ ტრადიციულ მეტრზე გაწყობილი ლექსები. ძალიან ძნელია, ასეთი ფართო სპექტრის კრებულისთვის შესავლის დაწერა და მათი გაერთიანება რამე ნიშნის ქვეშ. რა უნდა იყოს ეს ნიშანი? ასაკი? მაგრამ ეს ძალიან ბუნდოვანი კრიტერიუმია, მით უმეტეს, რომ ზოგი მოთხრობისა თუ ლექსის სიბძნემ, მაღამხატვრულობამ, ერუდიციამ შეიძლება ადვილად შეგიყვანოს შეცდომაში ავტორების ასაკთან დაკავშირებით. მაშინ რა? თაობის ზოგადი სულისკვეთება? მსგავსი პრობლემები? რა თქმა უნდა, ამ ნაწარმოებებში შეიძლება გამოავლინო საერთო თემატიკა: ნარკომანია, გაუცხოვება, მშობლებთან ურთიერთობა, ცხოვრების მიზნის ძიება და ა.შ. მაგრამ თუნდაც საერთო თემაზე დაწერილი ნაწარმოებები იმდენად განსხვავებული და პიროვნულია, რომ გაჭირდება მათი ერთი რუბრიკის ქვეშ მოქცევა.

იქნებ სწორედ ეს არის ის საერთო, რაც ამ კრებულს ახასიათებს: მრავალფეროვნება, არაერთგვაროვნება, გამოკვეთილი პიროვნულობა, იდიოსინკრასია. თანამედროვე სამყაროც ასეთი არაა? - პოსტმოდერნული, ტრადიციულში დაეჭვებული თუ რწმენადაკარგული, ახლის მძებნელი და, ასე ვთქვათ, ინფორმაციის “წარღვნაში” მყოფი. დღეს ხომ ტრდიციულის დამცველიც მხოლოდ მაშინ ხდება დამაჯერებელი და მხოლოდ მაშინ გამოდის სიყალბის და შაბლონის “ველიდან”, როცა ამ ფასეულობას აჩვენებს ეგზისტენციალურად, ანუ პირადი, უნკიალური გამოცდილებით. იქნებ დღევანდელობაში ტრადიციულის ამგვარად, ახლებურად წარმოჩენა ან ხელახალი აღმოჩენა უფრო ძნელიც იყოს, ვიდრე გულწრფელი, გაბედული პროტესტი, შეულამაზებელი და უხეში, ზოგჯერ უწმაწური ენითაც.

მოთხრობების კითხვისას ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ინტერნეტის ერთი საიტიდან მეორე, სრულიად განსხვავებულზე გადავდიოდი და ასე კალეიდოსკოპივით: მაგალითად, ქართული პატრიოტიზმიდან სრულ კოსმოპოლიტიზმამდე, სადაც ქართული მხოლოდ ენა იყო; რეალისტურ-ნატურალისტური თხრობიდან ბრედბერისმაგვარ ფანტასტიკურამდე, პროვინციული ჟარგონიდან თბილუსურამდე, გურჯაანის შრომის ბირჟიდან ნიუ-იორკის სტუდენტურ კამპუსამდე ა.შ. ისე კი, ინტერნეტი შემთხვევით არ გამხსენებია, რადგან ზოგი მოთხრობა შეუძლებელი იყო გაგეგო ამ 21-ე საუკუნის სასწაულის გარეშე, რადგან ავტორი გულისხმობდა, რომ მკითხველს უნდა წინასწარ სცოდნოდა ესა თუ ის როკ-ჯგუფი, ან მომღერალი, რადგან უამისოდ მის სათქმელს სრულყოფილად ვერ გაიგებდი. არა უშავს, თუ “ბითლზთან”, “ფინქ-ფლოიდთან”, ან თუნდაც თუ ფაქ შაკურთან მქონდა საქმე, კიდევ გავიდოდი იოლას, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ, მაგალითად, ანია გარბარეკის ვინაობის გასაგებად და მისი სიმღერის მოსასმენად ინტერნეტში ატვირთულ ვიდეორგოლებზე მომიწია გასვლა.

ასეა თუ ისე, დიდი სიამოვნება მივიღე ამ მოთხრობების და ლექსების კითხვით. ჩანს, რომ საქართველოში, ამ თაობის მწერლებში ჩნდება და ვითარდება ახალი განცდები და გამოცდილებები; ისინი არ წყდებიან თანამედროვე სამყაროს - იგი სუნთქავს ამ ნაწარმოებებში მთელი თავისი სირთულეებით, ტკივილებით და წინააღმდეგობებით.
ამ ტექსტებში თითქმის არ არის დიდაქტიკა და მორალიზაცია, საპირისპიროდ, ჭარბადაა ირონია და თვითირონია - სერიოზული, ბრძნული აზრიც კი ზოგჯერ ირონიის კონტექსტშია ნათქვამი, რაც ასე ახასიათებს პოსტმოდერნულ ერას. კარგია, რომ გულწრფელ, გულშიჩამწვდომ და ზოგჯერ შემაძრწუნებელ მონოლოგებთან ერთად, გვხვდება მოთხრობები ხალასი, არახელოვნური დიალოგებით, არადა, რამხელა სირთულეა დაწერო დამაჯერებელი დიალოგი, ყალბი ინტონაციების გარეშე! ასევე, უზომოდ სევდიან ან ტრაგიკულ მოთხრობებთან ერთად გვხვდება ჩეხოვისმაგვარი იუმორისტული მოთხრობები და მინიატურები, ზოგიერთი საკმაოდ წარმატებულიც; ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ კარგი იუმორისტული მოთხრობის დაწერა არანაკლებ და უფრო ძნელიცაა, ვიდრე სევდიანისა და ტრაგიკულის. ერთი-ორი მოთხრობა რელიგიურფილოსოფიურ ხასიათს ატარებს. ერთი მათგანი უნივერსიტეტშიც წავუღე ჩემს სტუდენტებს “შუა საუკუნეების ევროპული ფილოსოფიის” კურსზე, როდესაც ნეგატიურ თეოლოგიაზე ვლაპარაკობდით (ამ უცნაური მოთხრობის თემა იყო, თუ როგორ გახდა ღმერთი არაფრიდან ყველაფერი).

ლექსებს რაც შეეხება: ვფიქრობ, ლექსის უმთავრეს სილამაზეს განაპირობებს ორიგინალური მეტაფორები, რომელთა ნაკლებობას წინამდებარე კრებული არ განიცდის, ამაში მკითხველი, ვფიქრობ, თავად დარწმუნდება.

ერთი სიტყვით, საქართველოში, ახალი თაობის მწერლებში, რაღაც ნიჭიერი დუღილია, რომელიც მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და განვითარების მაუწყებელია; ჩემს შესავალსაც ამ კრებულის ერთი ძალიან ორიგინალური მინიატურის სიტყვებით ვასრულებ: “გამარჯობა! ჩვენც მსოფლიოსკენ მივდივართ!”

ლევან გიგინეიშვილი
2009 წელი


ჩვენ ირგვლივ მუდამ რაღაც ხდება. ამ ქაოსში ძნელია ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინო. როცა წერ (სულერთია, რაზეც უნდა წერდე), ძალაუნებურად წამოტივტივდება და ფრაზაში გამოჟონავს ის, რამაც შენზე იმოქმედა. მაშინ კი შენსა და მომხდარს შორის რაღაცნაირი დისტანცია ჩნდება და, იმავე დროს, კავშირიც იბმება. გარედან დანახული ნებისმიერი პრობლემა, ფაქტი უკვე ისე რთული აღარაა: უკეთ შეგიძლია დააკვირდე და მიხვდე, რა გინდა, რატომ და, საერთოდ, რა ხდება შენში და შენ გარშემო.

ამიტომ, ვინც წერს, მისთვის ეს სამყარო ისეთი ცივი და მიუსაფარი აღარაა, არამედ ცოცხალია, ხილული. მათ გაფაქიზებული აქვთ სულები და ეძებენ თანამოაზრეებს, რადგან იტანჯებიან შინაგანი მარტოობით.

ჩვენი კონკურსი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აქ არამარტო ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ხდება, არამედ `ალუბლობა~ გარკვეული ხიდიცაა ადამიანებს შორის, რადგან როცა ვინმეს ნაწერს კითხულობ და სხვის ფრაზაში ამოკითხულ განწყობასთან შეხებას გრზნიბ, უკვე შინაგანად თბები, რადგან, გრძნობ, რომ მარტო შენ არა ხარ ამ დღეში, სხვასაც სტკივა, ეშინია, უხარია, ფიქრობს... ადამიანებს საერთო მიწა, ჰაერი და ცა აქვთ, ამ კონკურსის მონაწილეები თითქოს ერთი ორდენის წევრები არიან. ისინი პოულობენ ახალ იმპულსებს, იხვეწებიან, იზრდებიან... ამიტომაც, მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ `ალუბლობის~ შემოქმედებითი და ლიტერატურული დონე წლიდან წლამდე უმჯობესდება.

წლევანდელ "ალუბლობაზე" წინა ორისაგან განსხვავებით მარტო პროზა არ იყო წარმოდგენილი; გადავწყვიტეთ, მასში პოეზიაც ჩაგვერთო, რადგან ჩავთვალეთ, რომ ლექსებისთვისაც მომწიფდა ნიადაგი.

მანანა ბეგიაშვილი
2007 წელი


ალუბლის ხე პირველ ნაყოფს ხუთი–ექვსი წლის შემდეგ ისხამს. მართალია, ჩვენი ალუბლის ბაღი, მხოლოდ სამი წლისაა და პირველი წლიდანავე მსხმოიარეა. არათუ, მსხმოიარეა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო უხვმოსავლიანი ხდება, უფრო და უფრო
ალუბლისფერი, ტკბილი და წვნიანი ნაყოფით იხუნძლება.

"ალუბლობა" - ესაა ერთ-ერთი, უძვირფასესი საჩუქარი, რაც შეიძლება ადამიანებმა ადამიანებს გაუკეთონ და ამით ცხოვრება გაულამაზონ. როდესაც ხედავ, რომ შენზე ვიღაც ზრუნავს, ვიღაცას შენთან დიალოგი სურს ან შეუძლია, დაუსრულებლად გისმინოს, ეს იმედის ჩუქებას ნიშნავს და კიდევ ნიშნავს სწორ და მართალ გზაზე დაყენებას, თუნდაც, სანაცვლოდ არაფერს იღებდე.

"ალუბლობა" - ეს მათი დღესასწაულია, ვისაც ლიტერატურა უყვარს, ვისაც აინტერესებს და სურვილი აქვს გაიგოს, რას და როგორ ფიქრობენ ახალგაზრდები საკუთარ თავზე და სხვებზე, ადამიანებზე, საზოგადოებაზე, რა ახარებთ და რა აღელვებთ, როგორ ხედავენ ცხოვრებას, როგორია ის მათი მზერის არეში და როგორი უნდათ, რომ იყოს.

"ალუბლობა" მათ ეკუთვნით, ვისაც სურვილი აქვს მთელ სამყაროს თავისი სამყაროსკენ მიმავალი გზა უჩვენოს; მათ, ვინც უკან არ დაიხია და პირველად გაანდო თავისი ფიქრები სხვებს ორი-სამი წლის წინ და ამჟამად; ვისაც სითამამე ეყო, თავისი შემოქმედება საზოგადოებისთვის გაეზიარებინა და მის `სამსჯავროზე~ გამოეტანა; მათიც, ვინც ჯერ ვერ გაბედა "ალუბლობის" ლამაზ ყუთებთან მისულიყო, თავისი ლექსები, მოთხრობები, ჩანახატები თუ მინიატურები იქ ჩაეშვა ან "ალუბლობის" მისამართით, `საფოსტო~ ბარათის სახით გამოეგზავნა და შეხვედრა მომხარიყო.

"ალუბლობა"  ეკუთნის მათაც, ვინც უკვე აღარაა "ალუბლობის" ასაკის, მაგრამ უნდა, რომ ასეთი იყოს; უნდა, რომ სულ პაწაწინა შანსი მაინც ჰქონდეს `ალუბლობის~ ზეიმის სრულფასოვან მონაწილედ იქცეს (და არ დარჩეს მხოლოდ შორიდან მაყურებელ ერთგულ გულშემატკივრად) და მოისმინოს მისკნ მიმართული მშვენიერი, ალუბლისფერი სიტყვები (როგორც წლევანდელი კონკურსის ერთი-ერთი მონაწილე იტყოდა) _ `გამარჯვებულო, გამოდი!~ თუმცა, გამარჯვებას მონაწილეობა ნიშნავს და არა, ვთქვათ, რომელიმე საპრიზო ადგილის მოპოვება.

ლელა ოჩიაური
2007 წელი


ალუბალთა ყვავილობისა და ნაყოფის გამო

სერიოზულად ვფიქრობ ხოლმე იმაზე, რა მიზანს ისახავს ლიტერატურული კონკურსები და მართლაც მოაქვს თუ არა სასიკეთო შედეგი თანამედროვე სამწერლობო პროცესების განვითარებისთვის.

ნამდვილი შემოქმედება ხომ, ძირითადად, სრულ სიმარტოვეში იქმნება და ახლის შემჩნევა და დაფასებაც არც თუ ისე იოლი საქმეა.

ყოველ შემთხვევაში, ბოლო ხანს საქართველოში გამართულ სამწერლო კონკურსებსა და პრემიებზე დაკვირვებამ რამდენიმე საგულისხმო ტენდენცია გამოჰკვეთა. ერთი ის, რომ ამ პრემიებზე ან თავისიანებს, თავისი ჯგუფის წევრებს "ქაჩავენ" ანდა მეორე, რაც გაცილებით სახიფათოა, რამდენიმე მწერალმა, რაკიღა გემოვნება სულაც არ არის ისეთი აბსტრაქტული რამ, როგორიც თავიდან შეიძლება მოგვეჩვენოს, `ისწავლა~, როგორ უნდა წეროს ისე, რომ ჟიურის გემოვნება დააკმაყოფილოს და შესაბამისად, ნანატრი თუ არა, სასურველი პრემია ჩაიჯობოს.

სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ბოლო დროს სრულიად სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების კონკურსებზე ერთი და იგივე ადამიანები იმარჯვებენ, ადამიანები, რომლებიც სხვა მწერლებისაგან მხოლოდ უფრო ფაქიზი ცხოვრებისეული ალღოთი გამოირჩევიან და არა ნიჭიერებით; ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სხვებზე ადრე მიხვდნენ, რა სიამოვნებს ლიტერატურული კონკურსების ძირითადად ერთი და იმავე სახეებით დაკომპლექტებულ ჟიურის და სწორედ ჟიურის ახირებათა და არა თავიანთი მწერლური ჟინის დასაკმაყოფილებლად ირჯებიან. ერთი სიტყვით, ოსტატობა ზოგჯერ სახიფათო იარაღია და დიდი ზნეობრივი სიმაღლე სჭირდება ოსტატს, რომ ეს იარაღი სწორედ იმ ღირებულებებს არ დაუმიზნოს, რის დასაცავად და გადასარჩენადაც იყო იგი მოწოდებული.

ლიტერატურული კონკურსი "ალუბლობა" სხვა კონკურსებისაგან სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ყმაწვილებს კონკურსისათვის წერის გამოცდილება არ გააჩნიათ და რასაც წერენ, შეიძლება გაუწაფავად, მაგრამ გულწრფელად წერენ. მათ ნამუშევრებში უფრო ნიჭირება გეცემათ თვალში, ვიდრე ოსტატობა. ოსტატობას ასაკი ნამდვილად მოიტანს, მაგრამ ნიჭი თუ ადამიანს თავიდანვე არ მიეცა, მერე ყოველგვარი გარჯა ამაო იქნება.

ჩვენი ჟიურის სხვა წევრებისა არ ვიცი, მაგრამ მე პირადად არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა. გამიჭირდა იმიტომ, რომ თითქმის ყველა ნამუშევარი რაღაცით განსხვავებული და გამორჩეული იყო.

ეს ნამუშევრები ველზე გაშლილ ყვავილებს მაგონებენ. ამ ყვავილთაგან ზოგი შეიძლება უფრო სურნელოვანი მოგეჩვენოს, ზოგი უფრო მკვეთრი ფერისა, მაგრამ ყველას, თვით ყველაზე უპრეტენზიო ყვავილსაც კი, აქვს ის განუმეორებლობა, ურომლისობაც ველს ძალიან გააღარიბებდა. ამიტომაც, იმან, ვინც დღეს გამარჯვებულთა სიაში არ აღმოჩნდება, არ უნდა იფიქროს, რომ ყველაფერი დასრულდა და განაჩენი გამოტანილია. არის ერთი ცხოვრებისეული პარადოქსი: თუ გამარჯვებულთა სიაში არა ხარ, ეს ხშირად სულაც არ ნიშნავს, რომ დამარცხებული ხარ!

თანაც, აკი მოგახსენეთ, ლიტერატურაში სიახლეების დამკვიდრებასა და მერე მათ შემჩნევას წლები სჭირდება. მით უმეტეს, სჭირდება დრო ჩვენს ალუბლებს, რომლებიც დღეს ასე წარმტაცად ყვავილობენ, მაგრამ ნაყოფი – მჯერა – კიდევ უფრო გამორჩეული იქნება!

ყოველ შემთხვევაში, ყველა მათგანს გულწრფელად ვუსურვბ, გამოეღოთ ნაყოფი ღირსი – მათი სამომავლო დიდი ცხოვრებისაც და ჩვენი შესანიშნავი სალიტერატურო ტრადიციებისაც.

გიორგი ლობჟანიძე
2007 წელი


ჩემი მოსწავლეობისა და სტუდენტობის დროს იყო პერიოდი, როდესაც არ გვქონდა შუქი, არ თბებოდა ჩვენი საკლასო ოთახი, ისევე ციოდა შინ, როგორც ქუჩაში, ნორმალურად არ მუშაობდა ტრანსპორტი და ჩემი ერთი ჯგუფელი გოგონა ფეხით დადიოდა უნივერსიტეტში თბილისის ერთ-ერთი გარეუბნიდან, რომ ლექციებს დასწრებოდა, იმისდა მიუხედავად, რომ უმრავლეს შემთხვევაში პროფესორები ლექციებს აცდენდნენ.

და იყო გაუთავებელი სისხლიანი კონფლიქტები, დაუსრულებელი გადატრიალებები, ცვლილებები უკეთესობის სურვილით და შედეგად - ყოველთვის იმედგაცრუება.

ჩვენ თვალწინ, ანუ ჩემი თაობის თვალწინ, ყოველდღიურად ხდებოდა ჰუმანისტური იდეების კრახი, ბუნებითი სამართლის ფეხქვეშ გათელვა და ადამიანის ღირსების აბუჩად აგდება...

და ჩვეულებად მექცა დასაფლავებებზე სიარული, ეს რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ მაშინ მელანქოლიით ვიყავი შეპყრობილი, უბრალოდ, ცხოვრებამ მოიტანა. დავდიოდი და ვფილოსოფოსობდი ცხოვრების ამაოებაზე...

და მაშინ მივაგენი და ჩავუფიქრდი, რომ `ვისაც სურს, ამ ცხოვრებას გადაურჩეს, თავშესაფარი სადღაც მაღლა, მოშორებით უნდა ჰპოვოს...~ (თ. ბერნჰარდი)

და რომ `ნიჭი ეს არის უნარი - შეგეძლოს შენი საქმისთვის საჭირო დროის წართმევა ულმობელი თანამედროვეობისთვის...~ (რ. ინანიშვილი)

და მინდა ბევრი იფიქროთ, გაიაზროთ და გაანალიზოთ, ბევრი იკითხოთ, ბევრი წეროთ და მიხაროდეს თქვენი ნაწარმოებების წაკითხვა, რომ ისინი მომავალში ყოველთვის გამოირჩეოდნენ გულწრფელობით, სიახლის ძიებით, უშუალობით, ორიგინალური ხედვითა და ოსტატობით!..

ირაკლი კაკაბაძე
2007 წელი


უკვე მესამედ ტარდება `ალუბლობა.~ რამდენადაც გასული ორი კონკურსის ნამუშევრები ჩემთვის ცნობილია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრები ყოველწლიურად უმჯობესდება. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ეს, უდავოდ კონკურსის ორგანიზატორთა და მონაწილეთა დიდი გამარჯვებაა. ძალიან სასიხარულოა, როდესაც ჩვერს მატერიალისტურ ხანაში ახალგაზრდებს ლიტერატურა აინტერესებთ. მით უმეტეს, როცა ამ ასაკში ადამიანების წარმოსახვა და გონება სრულიად თავისუფალია ყოველგვარი კლიშეებისა თუ კონვენციებისგან. ხშირ შემთხვევაში ისინი ისეთ რამეს ამჩნევენ, რაზეც მოზრდილი ადამიანი არც კი დაფიქრებულა. სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ გაფრთხილება. რაც შეეხება გამარჯვებას, აქ ყველა მონაწილე გამარჯვებულია და მჯერა, რომ ამაში მომავალში მათი ცხოვრებისეული გამოცდილება დაარწმუნებთ.

გაგა ლომიძე
2007 წელი


სალამი ალუბლობავ! აქამდე შორიდან შემოგციცინებდი, შენს ყვავილებს ვიწვდენდი ხოლმე და ჩემს შვილებსა თუ მოსწავლეებს ვაყნოსვინებდი.

ამ შუა დეკემბერში კი ისე ძალიან მოგიახლოვდი, რომ შენს ყვავილებში გავეხვიე. მერე ძაღლივით დავიფერთხე ისინი და ჩემს გზას გავუყევი შეფიქრიანებული. ალბათ, იმიტომ, რომ მხრებსა და გულზე შემომრჩა რამდენიმე მათგანი. ეს მოღუშული ზამთარი როგორმე ხომ უნდა გავაცინო, თორემ უკვე მიღებული მაქვს ალუბლისფერი და გაზაფხულამდე ვიმყოფინებ.

მილოცვა აუცილებელია, მაგრამ ვულოცავ რას? და ვულოცავ ვის? ამ წიგნს - ყველას, ვინც მას ალუბლის ტოტივით დაიჭერს ხელში და სხვასაც გადააფურცლინებს. მანამდე კი, ნ ა ხ ვ ა - მდის, ალუბლობავ!
ოჰ, მილიონჯერ ნ ა ხ ვ ა - მდის!

რუსუდან კაიშაური
2007 წელი


როდესაც ადამიანს თვალებში შეხედავ, ის აუცილებლად შემოგხედავს, როდესაც ადამიანს გაუღიმებ, ისიც აუცილებლად გაგიღიმებს. თქვენი მოთხრობები, ნოველები, მინიატურები სწორედ ის ღიმილია, რითაც თქვენ სამყაროს უყურებთ და მთელი სამყარო თქვენ გიღიმით. ისიც იცოდეთ, რომ კონკურსში გამარჯვება კი არ არის მთავარი, არამედ, მონაწილეობა. თქვენ გადააბიჯეთ მთავარ ზღურბლს, რომელსაც ცხოვრებასთან ურთიერთობა ჰქვია, დიდი მადლობა ამისთვის.

ლელა ოჩიაური
2006 წელი


წაკითხვამდე ავტორთა ასაკზე ვფიქრობდი, ცხადია, წაკითხვის შემდეგაც. კითხვის დროს კი ასაკი საერთოდ გადამავიწყდა. ამ ნაწარმოებებს გამარჯვების შანსი ნებისმიერ კონკურსზე ექნებოდა.

რეზო გეთიაშვილი
2006 წელი


ეს არის საოცრად ზუსტი, ღრმა, მგრძნობიარე და ექსპრესიული სამყარო, ბავშვური სიბრძნითა და გულწრფელობით შექმნილი სახეები, სურათები, ისტორიები - ახალი, გამჭვირვალე და სუფთა ჰაერი თანამედროვე ქართულ მწერლობაში.

თეონა დოლენჯაშვილი
2006 წელი


რამდენიმე ნაწარმოები, ვაღიარებ, ძალიან მომეწონა, თუმცა, ჩვენი მხრიდან გამოჩენილი ყურადრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ავტორებს უკვე ნაპოვნი აქვთ თავისი გზა ლიტერატურაში, მჯერა, ჯერ ყველაფერი წინაა, დიდ წარმატებებს ვგულისხმობ...

შალვა ბაკურაძე
2006 წელი


   

счетчики посещений сайта

ახალი ამბები ››
ალუბლობა 2009 ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ფულადი ჯილდოები, პრიზები, ჰონორარები, კონკურსის კრებულის გამოცემის თანხა მთლიანად გაიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
20/12/2009
13.00 სთ.
თავისუფალი დასწრება
გამარჯვებულების და ნომინანტების საზეიმო დაჯილდოება, აგრეთვე ალუბლობის ახალი კრებულის - "ალუბლობა 2009" პრეზენტაცია.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #29, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის სააქტო დარბაზი.
19/12/2009
12.30 - 16.30 სთ.

მასტერკლასები კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ მონაწილეთათვის
/ ლექტორები: მანანა ბეგიაშვილი, ბუბა კუდავა /
14.30 ლანჩი
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზი.